პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ მათ ვინც 7 იანვარს ზეიმობს.
ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი - იესო ქრისტე იბადება!
ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით, ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობა სუფევს, რადგან ყველაფერთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული.
ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ, გამოუვალ ვითარებაშიც კი, ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე გათენებია!
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ - ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის!
შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება, საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა!
მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს!
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! "- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.