გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მას მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი დადებითად და ინოვაციურად აცხადებს, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან რთული, რადგან იყო ათწლეულობით შეუქცევადი და გართულებული პროცესი, რასაც სახელმწიფო ვერ მოერია, გელათის გართულებულ მდგომარეობას ვერ მოერივნენ პროფესიული წრეები და ეკლესია შევდიოდით ამ სირთულეში. რომ არა მეუფე შიოს სიმტკიცე და მისი სარწმუნოებრივი და ეროვნული ვალდებულება გელათის მიმართ, დღეს ის შედეგი, რაც ჩვენ ღვთის წყალობით მივიღეთ გელათის რეაბილიტაციაში, ვერ იქნებოდა. ეკლესიის ჩართვა გელათის რეაბილიტაციის პროცესში იყო მისი გადარჩენა და დღეს მე, როგორც ამ პროცესის მონაწილეს, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისი თქმით, ძეგლის გადახურვა გუნდისთვის უზარმაზარი გამოწვევა იყო.

„მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან დავალება იყო მიღებული საქართველოს მიმართ მთელი სამი წლის განმავლობაში და ამის გამო შესრულდა 20-მდე პროექტი. ეს ოცივე პროექტი იძლეოდა შეთავაზებას, რომელიც განუხორციელებელი იყო. ერთი პროექტით, რაღაც ტიპის კონსტრუქციები ამოდიოდა გელათის მონასტრამდე, მაგრამ ვეღარ შედიოდა გელათის მონასტრის გალავანში; მეორე ტიპის პრობლემები იყო, რომ ეს კონსტრუქციები კი შედიოდა გალავანში, მაგრამ უკვე იმ მასშტაბის და სიმძლავრის ამწე ვეღარ შედიოდა, რომელიც ამ კონსტრუქციებს აიტანდა, დადგამდა და ააწყობდა გელათის ირგვლივ. ამიტომ, ჩვენი გამოწვევა იყო ძალიან რთული. ბოლოს იმუშავა ამაზე იტალიურმა ჯგუფმაც, რომელიც ჩამოყვანილი იყო უკანასკნელ პერიოდში, მათაც შექმნეს პროექტი და ასევე მათაც ბოლოში ეწერათ, რომ, სამწუხაროდ, ამ შეზღუდვების გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, როდესაც ეკლესია მივადექით ამ ურთულეს ბარიერს, ჩვენ გვქონდა ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან კითხვა, თქვენ ხომ არ გვეტყვით რამე გამოსავალს, რომელსაც ჩვენ უკვე დავეყრდნობით და აქედან ავაგებთ ჩვენს ამ საქმიანობას. მათ თქვეს, რომ არა, ჩვენ არაფერი ასეთი მოსაზრება არ გვაქვს, გიდასტურებთ, რომ ძალიან რთული გამოწვევა გაქვთ, მოდით, თქვენ დაიწყეთ ამაზე ფიქრი, პასუხისმგებლობა არის თქვენი, ეს თქვენი ვალდებულებაა და ჩვენ თუ დახმარება შეგვეძლება, დაგეხმარებით. მადლობა ღმერთს, ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი შეუდგა ამ პროექტის განხორციელებას, ამაში ჩაერთო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გიგანტი და მოწინავე გერმანული კომპანია „ლეიერი“ და მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნა დღევანდელი გადახურვა, რაც ახლა უკვე აქვს გელათს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისი თქმით, ეს არის უნიკალური გადახურვა იმ კუთხით, რომ 286 ტონა მასა, რომელიც აგებული არის გელათის ირგვლივ, არცერთი წერტილით არ ეყრდნობა გელათის ტაძარს.

„ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად სრულყოფილ დონეზე შევასრულეთ დავალება. ეს გადახურვა რამე წერტილებში გელათის გადახურვებს თუ დაეყრდნობოდა, ჩვენი მთავარი ამოცანა შეუსრულებელი ხდებოდა, რადგან ეს გადახურა შეიქმნა, რათა ჩვენ ამ ცუდ გადახურვებს, რომელიც გელათს აქვს, კრამიტის, რომელიც არის უხარისხო მთლიანად და ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები ინფილტრაციის ტაძარზე, ვეღარ ავხდიდით, რადგან ეს ჩვენი დროებითი გადახურა მას დაეყრდნობოდა. როცა ამ გადახურვას მოვრჩით, საქართველოში ჩამოსული იყო იუნესკო-ს მიერ გამოგზავნილი მონიტორინგის მისია და ბატონმა ტრეპიმ თქვა – ვერ დავმალავ ემოციას, ამის დამალვა შეუძლებელია, თუმც ეს არ შეიძლება, მე გავაკეთო, როგორც რეაქციული კომისიის წევრმა, მაგრამ ეს არის ზღაპარი, მე ამას არ მოველოდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ თქვენ ამ დავალებას ამ ხარისხით და ამ სახით შეასრულებდითო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისივე თქმით, შეიძლება, მოქალაქეები ამას უყურებენ მარტივად, მაგრამ ეს არის ურთულესი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ.

„ამავე დროს, ეს გადახურვა იძლევა აბსოლუტურ კომფორტს, რომ სპეციალისტებმა წლის ნებისმიერ პერიოდში, მნიშვნელობა არ აქვს, ზამთარია, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა, იმუშაონ ძეგლზე, მის გადახურვაზე და კონსერვაციაზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.