"არილის" რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა

მალხაზ ხარბედია დაიბადა 1974 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1998 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ენების განხრით. 1994 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „კავკასიონში“, 1996 წლის იანვრიდან კი „არილის“ თანამშრომელი გახდა, მას შემდეგ, რაც გაზეთი 8 გვერდიან ყოველკვირეულ ჩანართად იქცა „კავკასიონში“. 1996 წლიდან გახდა „არილის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, შემდეგ კი მთავარი რედაქტორი. 1998 წელს იყო „საქართველოს გაზეთის“ ლიტერატურული ჩანართის რედაქტორი. 2001–2012 წლებში იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002–2006 წლებში გაზეთ „24 საათის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი, ასევე დამატებების, „ლიტერატურის“ და „წიგნების“ მთავარი რედაქტორი. 2006 წლიდან 2014 წლამდე იყო ყოველკვირეული გაზეთის, „მარანის“ მთავარი რედაქტორი (გაზეთ „Weekend-ის“ დამატება).

2007 წლის სექტემბერში შექმნა ყოველდღიურად განახლებადი ქართულენოვანი ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ vinoge.com. 2007–2011 წლებში იყო „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი. 2009–2013 წლებში იყო რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანი. 2009 წლის ზაფხულში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „ღვინის კლუბი“. 2011–2012 წლებში მიჰყავდა ჯერ ყოველთვიური, შემდეგ კი ყოველკვირეული ღვინის რუბრიკა ჟურნალ „ტაბულაში“. 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო გადაცემა „ღვინის გზამკვლევის“ ავტორი და წამყვანი რადიო „ცხელი შოკოლადში“. 2013 წლის აპრილიდან 2014 წლამდე იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი.

"აიპრესი" თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს