საქართველოს პირველ არხთან აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები ვარლამ წიკლაურს მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა ტერიტორია.
როგორც „იმედის“ ჟურნალისტმა განაცხადა, მას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა არ მისცეს.
„მითხრეს, როგორ გავბედე აქ მოსვლა. ყუბანეიშვილის ცოლი, როგორც მან თქვა, ხელითაც შემეხო, რამდენჯერმე მკრა ხელი. ვუხსნიდი, რომ ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, რისი უფლებაც მაქვს. როგორც დაინახეთ, არ მომცეს ამის შესაძლებლობა. ხელის კვრით ცდილობდნენ, ტერიტორიას გავრიდებოდი.
გელა მთივლიშვილმა და „მთის ამბებმა“ დაიწყეს პროვოკაციის მოწყობა. გელა მთივლიშვილთან ერთად იყო გოგო, სავარაუდოდ მისი ჟურნალისტი, რომელმაც დაიწყო ჩემთან კითხვების დასმა. როდესაც მას ვესაუბრებოდი, მოვიდა გელა მთივლიშვილი, „მთის ამბების“ რედაქტორი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ გელა მთივლიშვილმა, ჩემმა კოლეგამ და მისმა თანამშრომელმა მოაწყო ეს ამბავი. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა“,- განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.