„სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ სკრინინგის პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია
ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაავადებათა სრკინინგის პროგრამების ფარგლებში, უფასო გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.


„ჩვენი მოსვლის დღიდან დავიწყეთ საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საჭირო პროგრამები. მათ შორისაა, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 850 000-ზე მეტი კვლევა.
სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.


ეროვნულ სკრინინგ ცენტრის არსებულ ორ ფილიალს კიდევ ორი ახალი ფილიალი დაემატა. იმისთვის, რომ გეოგრაფიული დაფარვა გაგვეზარდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. უფასოდ გამოკვლევები ჩაიტარა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ.


ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვისა და HPV დნმ-ის ტესტირების კომპონენტების, ასევე HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.