საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა.
ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოგრაფის ხელოვნება თბილისში, ფოტოგრაფ ხლამოვის სალონში შეისწავლა და მისივე დახმარებით 1860-იან წლებში დედაქალაქში ფოტოსალონი „რემბრანდტი“ გახსნა. მოგვიანებით ჰქონდა ფოტოსალონები: „სასურათხატო“ და „ამხანაგობა“. ეროვნული არქივის ფოტოსაცავში, სხვადასხვა ფოტოალბომსა თუ ფოტონეგატივებზე, ალექსანდრე როინაშვილის ათეულობით ფოტო ინახება.
კოლექციის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 70-90-იან წლებში და მათზე ასახულნი არიან ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, კოტე აფხაზი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები - ლეონიდე (ოქროპირიძე) და კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) და სხვები. კოლექციაშია, ასევე, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები; ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები.
კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/aleksandre-roinashvilis-kolektsia-1.