უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გერმან გალუშჩენკო დააკავეს.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
გამოცემის წყაროს თქმით, ყოფილი მინისტრი, რომელიც კორუფციული სკანდალის (ოპერაცია „მიდასი“) ეპიცენტრში აღმოჩნდა და თანამდებობიდან გადააყენეს, მატარებლიდან ჩამოსვეს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებური ანტიკორუფციული პროკურატურისგან მესაზღვრეებს ჰქონდათ მოთხოვნა გალუშჩენკოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებაზე, თუ იგი საზღვრის გადაკვეთას შეეცდებოდა. „უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, ასეთი პრაქტიკა გამოიყენება, როდესაც პირი სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს.
ცნობისთვის, 2025 წლის 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ჩხრეკას ატარებდა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსთან. იმავე დროს „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროებმა განაცხადეს, რომ მინდიჩი ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კი განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში საბიუჯეტო თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა. ანტიკორუფციულმა ბიურომ, ასევე, გაასაჯაროვა ამ საქმეში ფიგურანტების სატელეფონო მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერები.
თარგმანი: პირველი არხი










