შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

"რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.

ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება." - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს".

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა საპროტესტო აქციის ფონზე. 

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.  თუმცა, პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ