თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე   7 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.  

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.