თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 71 წლის ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ჩახუნაშვილი საპატიმროდან თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

დღეს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა. მათ შორის იყო გიორგი ჩახუნაშვილი. 

"ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს (დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის  მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა."