საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

"საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის - ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.