უნგრეთმა ქვეყნიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. განცხადება ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ გააკეთა.
"დღეს ჩვენ უნგრეთიდან ორი ჯაშუში გავაძევეთ, რომლებიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში დიპლომატიური სტატუსით ინიღბებოდნენ". - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამავე ვიდეოში სიარტომ უკრაინა ცილისწამებაში და "ანტიუნგრული პროპაგანდის" გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.
"მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ანტიუნგრული პროპაგანდა სულ უფრო და უფრო იზრდება. უნგრელების წინააღმდეგ ბოლო ცილისწამების კამპანიას იგივე მიზეზი აქვს, როგორც სხვა დანარჩენებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა და ომზე უარს ვამბობთ.
ჩვენ უკრაინისთვის იარაღი არასდროს მიგვიწოდებია და არც არასდროს მივაწოდებთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია მათთვის უფლება, ჩაეთრიათ უნგრეთი ამ ომში და არც არასდროს მივცემთ. ეს არის მიზეზები ამ ცილისმწამებლური მოქმედებებისა, რომლებსაც უნგრეთის წინააღმდეგ ახორციელებენ და ეს არის მიზეზები, რატომაც უკრაინამ უნგრეთისა და უნგრელების წინააღმდეგ ამ ბოლო დროს ცილისმწამებლური მოქმედებები წამოიწყო". - დაადანაშაულა სიარტომ უკრაინა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის "ამგვარ ქმედებებს უნგრეთი და უნგრელები ვერ მოითმენენ", რის გამოც ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ორი უკრაინელი დიპლომატი. სიარტომ ვიდეოში ასევე თქვა, რომ ორი პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ელჩს უკვე ეცნობა.