საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და კენიის, ჯამში, 22 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.