თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე განიხილა.

საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც სხდომა დაიხურა.

"სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. უმეტესი მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა და ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის წარმოჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

ცნობისთვის, ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო უკვე შეფარდებული ჰქონდათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.