გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოდან წასვლის საკითხი შესასწავლია, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც შეფასდება და შემდეგ მიიღებენ სამართლებრივი რეაგირების თაობაზე გადაწყვეტილებას.

„ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანა დატოვა. 

 2025 წლის 25 თებერვალს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის,  2013 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორები“ - იგივე თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან 2019 წლის მაისამდე ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა და შემდგომ 2023 წლამდე ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

ბრალდების მიხედვით, "2014 წლის ნოემბერში, თანაინვესტირების ფონდმა კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო.

იმავე წელს, კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს ,,მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.

მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის  დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში." - ნათქვამის პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. რომლსი სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება  წარედგინა