ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრის მონაწილეები თანასწორობის, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის ცნებებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის ფორმებსა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების შესახებ. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირებისას პროკურატურის მიდგომებსა და არსებულ პრაქტიკას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განხილვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების, მათ შორის ქორწინების იძულების შესახებ.
საქართველოს პროკურატურისათვის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.