უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.
"მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება." - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.