საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
კერძოდ; ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში. ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტრიპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.