მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ქალაქ მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე პროკურორმა ახალგაზრდებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ქორწინების იძულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების პროცესში დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში შეტყობინების საკითხსა და მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ასევე, ყურადღება დაეთმო სტატისტიკური მონაცემების განხილვას.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ბარიერების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქორწინების იძულება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.