თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

შეგახსენებთ, "იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.