საქართველოს გენრალურ პროკრატურაში დასრულდა ფინანსთა ყოფილი მინისტრის ივანე მაჭავარიანის გამოკითხვა. 

 ივანე მაჭავარიანმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო.

"ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - განაცხადა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა. 

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანი  უწყებას 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე ხელმძრვანელობდა, ასევე იყო ვიცე-პრემიერი 2021 წლის 25 თებერვლიდან.  

ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა 2021 წლის 31 მარტს დატოვა. 

2025 წლის 18 ივნისს  "ჩორჩანას საქმეზე" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი გამოიკითხება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო. 

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი  

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.