„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.

„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს. ბუნებრივია, ყველასათვის ძნელად მოსასმენია, რომ ახალგაზრდა ბიჭმა 9 წელი ციხეში უნდა გაატაროს, მაგრამ აქ საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და დანაშაულს, რომელიც ჩადენილია სამართალდამცავების მიმართ. პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა ოპოზიციას და თან ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა.

თუმცა, ავიწყდება, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ვეღარავინ ვერ შეძლებს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რაზეც წლებია უკვე ოცნებობენ. მათ შორის, ვერ შეძლებენ ვერც ქვეყნის გარედან, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯონ საკუთარი ენჯეოებით ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად - მიხეილ სააკაშვილი. სადაც ამდენი იკადრა ზურაბიშვილმა და საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, რატომ არ შეიწყალებს ყველაზე დიდ დამნაშავეს? ოღონდ, ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს? ახლა, გაზაფხულზე თუ არჩევნების პიკში, შემოდგომაზე? როგორც ყველა დანარჩენში, აქაც მწარე მარცხს განიცდიან. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია ქართველი ხალხისგან - მშვიდობის, სტაბილურობის და ჭეშმარიტი ევროპული გზის სასარგებლოდ”, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა. 

 შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.