პოლიციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავა, მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი. 

გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი გვიან ღამით, ადვოკატებმა მოინახულეს. 

"ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო ბრალდება. დაკავების ოქმი გაფორმდა. ეს, თავისთავად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ნიშნავს, თუმცა ბრალდების დადგენილება არ ყოფილა. გიგი უგულავა არის ძალიან მხნედ. ბუნებრივია, მას ამ დაჭერით ვერ შეაშინებენ", - ამბობს გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

"სასამართლო სხდომაზე ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინაიდან დიმიტრი ბიძინაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან, არც კი მომეცა საშუალება გამოძიებას შევხვედროდი. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დაცვის მხარე ვერ მოასწრებს მტკიცებულებების წარდგენას. ყველა ვიდეოს წარვადგენთ და ყველა მოწმეს გამოვკითხავთ", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.