ზამბიის პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც პრეზიდენტ ჰაკაინდე ჰიჩილემასთვის "ჯადოს გაკეთებას" ცდილობდნენ. დაკავებულებმა აღიარეს, რომ მათ პრეზიდენტის "მოჯადოებაში" $73 000 შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებს თან ჰქონდათ "ჯადოქრობისთვის საჭირო" სხვადასხვა აქსესუარი, მათ შორის, ცოცხალი ქამელეონი.
დაკავებულებს ბრალად "ჯადოქრობა" და ველური ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა ედებათ.
სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებულები სასამართლომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილებს პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება ზამბიის ოპოზიციონერი დეპუტატის, ემანუელ ბანდას უმცროსმა ძმამ - ნელსონ ბანდამ დაუკვეთა.
დაკვეთის სავარაუდო ავტორი, ნელსონ ბანდა ამჟამად მიმალვაშია. ეჭვმიტანილის დეპუტატი ძმა, ემანუელ ბანდა, რომელმაც 2021 წელს დამოუკიდებელი პარლამენტარის მანდატი მოიპოვა, ადრე ყოფილი პრეზიდენტის, ედგარ ლუნგუს პარტიასთან (PF) იყო დაკავშირებული. ლუნგუ 2021 წლის არჩევნებში სწორედ ჰაკაინდე ჰიჩილემასთან დამარცხდა.
2023 წელს, ემანუელ ბანდა ზიმბაბვეში, ძარცვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს. მას 2023 წლის აგვისტოში წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გაქცევასაც ედავებიან.
ემანუელ ბანდა ამჟამად ზიმბაბვეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მისი სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.