დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე, "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება.
ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, "7 ნოემბრის საქმის" შეკერვა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა
პროკურატურის ინფორმაციით, "მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა.
საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.
2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.
მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.
„ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება.
ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან, ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადი ოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს, შპს „ტელეიმედის“ და შპს „რადიო იმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები.
2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი.
გარდა ამისა, 2008 წლის თებერვალ-მარტში, დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაეუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა)." -
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
2025 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადდა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ აღნიშნულ საქმეში განაჩენთა ერთობლიობა გამოიყენა და 2025 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 9 წლიანი პატიმრობა შეკრიბა. საბოლოოდ კი მიხეილ ჯინჯოლიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო
პ.ს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაყვანილი იქნა კლინიკა "ვივა მედში", სადაც ამ დრომდე იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 19 ოქტომბერს დააკავეს.