,,სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი" დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად მუსიკის მასწავლებლის ირინა კაკაჩიას პოსტს ეხმიანება და მის განცხადებას, თითქოს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სიცრუეს უწოდებს.

,,ვეხმაურებით ა(ა)იპ ,,სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა“ მართვის ცენტრის დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის  მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად მუსიკის მასწავლებლის ირინა კაკაჩიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. ცალსახად განვმარტავთ, რომ ის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, რაზეც ირინა კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს სიცრუეა, ის ადრინდელის მსგავსად რჩება საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ირინა კაკაჩია მუსიკის მასწავლებლად ამ ბაღთან ერთად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში მუშაობს.

ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2023 წლის აპრილში დაინიშნა, მას შემდეგ რაც, დარჩელის ყოფილი საბავშვო ბაღის გამგე ავადმყოფობის გამო 2023 წლის 3 აპრილიდან  31 დეკემბრის ჩათვლით  საავადმყოფო ფურცელზე გავიდა,   ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უფასო შვებულებაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაეკისრა გამგის მოვალეობის შესრულება ირინა კაკაჩიას. ამჟამად ირინა კაკაჩია აგრძელებს  მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას, ხოლო ბაღის გამგედ აღნიშნულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრი დაინიშნა" - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.