ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა. 70-დან ხუთი უბანი ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. არცერთი უბნის შედეგებში რაიმე სახის ცდომილება არ იყო.
ხმების გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 55 098 ამომრჩეველმა მისცა ხმა მისთვის სასურველ პარტიას.
„ლოტოტრონის საშუალებით, გუშინდელ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, შემთხვევით შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდა ხუთი უბანი. ეს უბნები არის: N9, N25, N42, N45 და N 52-ე უბანი. უბნის შედეგების გადათვლა მოხდა კანონმდებლობის საფუძველზე, შედეგები უცვლელია, ამ გადათვლების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, შედეგების უცვლელად დატოვების შესახებ,“ – განაცხადა ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.