რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ თელავში №2 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
350 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
თელავის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი ადგილზე გაეცნენ.
თელავის #2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია.