გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კენკროვანი კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. 

ქ. ქუთაისში კენკროვანი კულტურების ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა სექტორში არსებული გამოწვევები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საჭიროებები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა დაავადებების დროულად გამოვლენასა და სანდო ლაბორატორიულ სერვისებზე წვდომის მნიშვნელობაზე. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ფერმერებს კენკროვანი
კულტურების, მათ შორის ლურჯი მოცვის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კენკროვანი კულტურების დაავადებების, ნიადაგის, წყლის დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.


„ჩვენი მიზანია, ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა დროულ და სანდო ლაბორატორიულ მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია, ნერგების ეტაპზე დავიწყოთ მაღალი ხარისხზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა, რომელიც მოთხოვნადი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მზად არის, დროულად ჩაატაროს შესაბამისი კვლევები და ხელი შეუწყოს ფერმერებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ქ. ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონში კენკროვანი კულტურების მწარმოებელი ფერმერები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სურსათის ეროვნული
სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები.