პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ფოთში გასვლითი სხდომა გამართა.

სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილეს.

 მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო მექანიზმების შემოღებას, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და ინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი.

ასევე მეორე მოსმენით განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

  კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.