სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სამტრედიაში ედუარდ ახობაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

დავით ბახტაძე-,,ომი, რომელმაც უამრავი ქართველი დევნილად აქცია. ბევრი ვაჟკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. დღეს  განსაკუთრებით უკრაინის ომის  ფონზე კიდევ უფრო  ვაცნობიერებთ მშვიდობის  მნიშვნელობას.  ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. მომავალი თაობა მუდამ დააფასებს  ჩვენი გმირების თავგანწირვას. მინდა დღეს კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ სამტრედიელ გმირებს, რომლებმაც აგვისტოს ომში თავი გასწირეს საქართველოსთვის. დიდება გმირებს.''

2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.

მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა.