გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის  3 ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, მდინარე ენგურზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ტობის სახეობის დაახლოებით 2 კგ. თევზი.

ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქემ ალუმინის გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღით უკანონოდ მოიპოვა კეფალის სახეობის 2,2 კგ. თევზი.

გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე ქარელში, მდინარე მტკვარზე. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 28 კგ. თევზი

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.