31 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ფოთის თეატრის სეზონი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლ „ქარიშხლით“ დასრულდა. წარმოდგენა ანშლაგით ჩატარდა.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს. 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ღონისძიებებს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ. ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობენ. ფესტივალი 26 ივლისს ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განახლებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა ათწლიანი ისტორიის ამსახველი კატალოგის პრეზენტაციით და 1 აგვისტოს ფოთში კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებლის წინაშე პოლონური დასი წარდგება. ფესტივალს რეგიონის საზოგადოებასთან ერთად მიწვეული სტუმრები - რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები, თეატრისა და კინოს მსახიობები ესწრებოდნენ. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე.


აღსანიშნავია, რომ რეგიონების თეატრების ხელწყობა და რეგიონებში კულტური ცხოვრების გააქტიურება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიოტირეტული მიმართულებაა. სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების დახმარებით თეატრალურ დასები საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროცესის მონაწილე გახდეს.


„ქარიშხალი“ ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით დადგა. სპექტაკლის მხატვარია გიორგი უსტიაშვილი. წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა კონსტანტინე ეჯიბაშვილმა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. მსახიობების თამაშმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისტიკური პიესა მოგვითხრობს, როგორ სჯის და ანადგურებს შურისმაძიებელი ადამიანი მათ, ვინც ზიანი მიაყენა, თუმცა პიესის ფინალში დგება პატიების ჟამი როგორც საკუთარი თავის, ისე მტრებისთვის. ხშირად ადამიანები ვქმნით წარმოსახვით სამყაროს, რომელსაც ჩვენვე ვაკონტროლებთ. ეს კონტროლი გვანიჭებს ძალაუფლებას. შეუზღუდავი ძალაუფლება თავიდან ბედნიერების ილუზიას ქმნის, მერე კი ზომიერების გრძნობას გვაკარგვინებს და ვვნებთ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც. სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა დონდოლაძე, თორნიკე კაკულია, ანიკო შურღაია, ირაკლი კვერღელიძე, ანი ანდღულაძე, ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, გუჯა ქარაია, გენა შონია, ბექა ჯუმუტია და სხვები.


ინფორმაციისთვის: რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2015 წელს ფოთში დააფუძნა, მას შემდეგ წარმატებით იმართება და ყოველწლიურად ახალ და საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.