იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი :
" 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში - ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ."
ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში:
,,35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს შეუშინდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.
ეს დღე უკვე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველებს შეუძლიათ გაიღონ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე. ”