ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინეს პავილიონის ხელმძღვანელობასთან დავის შესახებ ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

,,როგორც ცნობილია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია დავას აწარმოებს შპს „ნიკოლოსთან“, ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებული სანაყინე პავილიონის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე. 

ქუთაისის მერია აღნიშნულ დავაში სამართლებრივი პროცესების სრული დაცვით მონაწილეობს. 
შპს „ნიკოლოს“ მიერ, 1995 წელს მოხდა მხოლოდ სანაყინე პავილიონის მსუბუქი, ბამბუკის კონსტრუქციის შეძენა.  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოცემულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მხოლოდ მსუბუქი  კონსტრუქცია, რომლის  აღება ან დაშლა  მარტივად შეიძლებოდა და მიწასთან უძრავად  არ იყო დაკავშირებული.


1996 წელს  შპს „ნიკოლოს“ ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს არსებული შენობა სრულიად უკანონოდ ააშენა.

სასამართლო დავაში წარმოდგენილია 2002 წელს კულტურის მინისტრის მოადგილის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომლის თანახმადაც  კაფე „სავანე“  მდებარეობს ქუთაისის ცენტრალური ბაღში, რომელიც წარმოადგენს საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლს. ბაღი განთავსებულია  ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში. ამ ზონაში დაუშვებელია ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმების გარეშე მშენებლობის წარმოება. მინისტრის მოადგილე ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელებისგან შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვდა.

შპს „ნიკოლოს“ 1996 წელს, შენობის ქვეშ არსებული მიწა იჯარით გადაეცა 5 წლის ვადით.  იჯარის ხელშეკრულებაში გარკევით  ეწერა, რომ ვადის გასვლის შემდეგ, მიწა პირვანდელი სახით  ანუ თავისუფალ მდგომარეობაში უნდა დაბრუნებოდა მესკუთრეს- ქუთაისის მუნიციპალიტეტს. 1996 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და შპს „ნიკოლო“ იჯარის საგნით სარგებლობას დღემდე აგრძელებს,  საიჯარო ქირის გადახდის გარეშე.
 ქუთაისის მერიამ თხოვნით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შეეფასებინა „ნიკოლოს“ მიერ მიყენებული ზარალი. ექპერტიზის ბიუროს დასკვნით,  ამ თანხამ შეადგინა  184 720 ლარი, თუმცა „ნიკოლოს“ ხელმძღვანელების მიერ ეს თანხა ბიუჯეტში არ შემოტანილა, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა.


2002-2004 და 2018-2019 წლებში შპს „ნიკოლოს“ დირექტორებმა (აბესალომ, გიორგი და ნიკოლოზ ტურაბელიძეები) სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მდებარე 160 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვა.


სასამართლოს  ყველა გადაწყვეტილებით (მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს) შპს „ნიკოლო“-ს სარჩელი  უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის ქალაქის ცენტრალური ბაღის განუყოფელი ნაწილი და მისი გადაცემა საკუთრებაში ვინმესთვის დაუშვებელია."-აღნიშნულია განცხადებაში.