მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება. ამ ეტაპზე, თერმული ნისლით 2520 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით - 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია.
აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, სახელმწიფო ღონისძიებებს ინტენსიურად განახორციელებს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას.