"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.
ამის შესახებ პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისაუბრეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ, თუ კანონმდებლობით რამე არ შეიცვალა.
მათი შეფასებით, არ არის სასიამოვნო ის პროცესები, რაც ახლა პარტიაში მიმდინარეობს, თუმცა მათ სურთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და დასავლური გზაა.
ფრაქციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ“. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „მელიას ასეთი საკითხებისთვის არ სცალია“.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას, ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.