ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ შენობაში, „წყალმომარაგებისა და წყალარინების” სისტემების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან, სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქული კომპანიის- „JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ წარმომადგენლები, პროექტის უშუალო შემსრულებლები და ზედამხედველები.
დისკუსიისას აღინიშნა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებთან ხშირად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლებას, მეორეს მხრივ კი პროექტის მიმდიანრეობისას მოსახლეობის ინტერესების მეტად გათვალისწინებას.
დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობის, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია კი დააპროექტებს ქუჩებს და იქ, სადაც წყლის პროექტი განხორციელდება, ეტაპობრივად, მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურაც.
ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით.