ხაშურში ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში მოყვარულთა შორის „დურუს თასი 2024“ დასრულდა. ტურნირი გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის - დავით გოჩიაშვილის სახელს ატარებს.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „დურუ“ და „სეტანტა სეტე“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ბრძოლის შედეგად, შეხვედრა გუნდმა „სეტანტა სეტემ“ ანგარიშით 4:0 მოიგო და დურუს გარდამავალ თასს დაეუფლა. მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „სურამი“, რომელმაც ასევე უკომპრომისო და უხვგოლიან ბრძოლაში „გურამიშვილის“ გუნდს 6:4 სძლია.

გამარჯვებულებს პრიზები და შესაბამისი სინჯის მედლები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ გაჩეჩილაძემ, ხაშურის სასპორტო სკოლის დირექტორმა ივანე ხარაზიშვილმა. ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მიერ დაწესებული ტრადიციული პრიზი ტურნირის გამარჯვებულმა სამივე გუნდმა დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელ ეკატერინე დუგლაძისგან მიიღო.

დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი ლოლაძე. მაყურებლის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა ფეხბურთელმა სოსო ალავიძემ, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ვაკო ციცქიშვილი. საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები ვეტერანმა ფეხბურთელებმა პაატა ბარბაქაძემ, იური ნოზაძემ, ივანე ხარაზიშვილმა და მევლუდ ლომიძემ გადასცეს. დურუს გარდამავალი თასი გუნდის - „სეტანტა სეტეს“ ფეხბურთელებს დავით გოჩიაშვილის მშობლებმა ლეილა ახალკაცმა და თენგიზ გოჩიაშვილმა გადასცეს.