სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და მისი პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან და კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

სკოლებში სრული რეაბილიტაციის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

ორივე სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით; აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს სკოლების აღჭურვას შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. 500 მოსწავლეზე გათვლილი საქობოს საჯარო სკოლისა და 400 მოსწავლეზე გათვლილი სამრეკლოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის ღირებულება ჯამში 10 მილიონ ლარამდეა.