„ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. რაც მოხდა სამტრედია-გრიგოლეთში, ეს იყო ბურჯის დაზიანება, რამაც გამოიწვია მასზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და შესწავლის დასრულებამდე შეუძლებელია რამე კონკრეტული მიზეზის თქმა, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ, მიზეზების დადგენის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მოხდა აღნიშნული“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ფარგლებში მშენებარე ხიდის მალების ჩამოწოლის შემთხვევა არ იძლევა ხარისხის თემის განზოგადების საფუძველს. სამინისტროს პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით და ზედამხედველობით, მათ შორის, ხარისხის ნაწილში და ყველა, როგორც მიმდინარე, ისე ჩაბარებულ სამუშაოზე იწარმოება ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი დოკუმენტაცია.
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, მშენებარე ხიდი. არც ხიდი და არც ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა რომ მშენებარე ობიექტია, არავინ დაშავებულა, ვინაიდან სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
„ამასთან, ეს საკითხიც გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც თავის მხრივ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. თუმცა, მთავარია შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, შესაბამისი სპეციალისტები. ჩატარდება შესწავლა და აუცილებელი ღონისძიებები რათა სრულად იქნეს დადგენილი ყველა მიზეზი, რამაც ეს გამოიწვია. ეს არის პირველი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, პირადად გახლდით, ვნახე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოპერატიული რეაგირება და საფუძვლიანი შესწავლა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.