2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში გაიმართება.
მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვას მხარი ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა.
„მშვიდობა და ტურიზმი“ - ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს“ - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობების მომტანი იქნება მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში მოექცევა და შესაძლებლობა ექნება მიზნობრივი ბაზრებიდან მსოფლიო მასშტაბზე გავიდეს. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის,” - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად იმართება.