„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის სოფლებში აქტიურად განაგრძობს. დავით კოდუა მოსახლეობას ამჯერად სოფელ ოდიშში, ალერტკარსა და ყულიშკარში შეხვდა.

„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები სოფელ ოდიშიდან დავიწყეთ. ამ სოფელში „ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა, სწორედ ოდიშის ცენტრიდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი, სადაც ადამიანები ღამე, მალულად აჰყავდათ, აწამებდნენ, ქალებსა და მამაკაცებს აუპატიურებდნენ - ამ ყველაფერს კი ვიდეოზე იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ. ეს მასალები ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამალავებიდან ამოვიღეთ და დახურულ კარს მიღმა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ - შემდეგ კი გავანადგურეთ! „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში არასდროს დაბრუნდება - ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა!

 სოფელ ოდიშში განსაკუთრებით გამიხარდა ბეჟან ქოჩუას ნახვა. 2012 წელს, მაშინ, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო მოქალაქეების ტერორი მიმდინარეობდა, სწორედ ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სახლშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ზუგდიდში პირველი შეხვედრა გაიმართა“ - წერს დავით კოდუა.

 ოდიშის შემდეგ, შეხვედრები ალერტკარსა და ყულიშკარში გაიმართა, დავით კოდუა ამ სოფლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას. კოდუა აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც საუბრობს:

 „ოდიშში რეაბილიტაციას ვუტარებთ ცენტრალურ გზას, ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღს, მოხდა ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია, მოვახდინეთ გაზიფიცირება, ხიდ-ბოგირის მოწყობა, ცენტრალური გზის განათება, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მინი სტადიონისა და მოსაცდელის მოწყობა, ტაბიძის ქუჩაზე არსებულ აღმართზე   ბეტონის საფარი დაიგო. ოდიშში ავაშენეთ 2 სოციალური სახლი.

 დაგეგმილია ალექსანდრე საჯაიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები.

 ყულიშკარში განხორციელდა სკოლის რეაბილიტაცია, ამბულატორიის მშენებლობა, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, დაიგო ეკლესიამდე მისასვლელი გზა და მოეწყო განათება, ახალი გზა დაიგო როგავას ქუჩაზე, რომელიც ახალსოფელს უკავშირდება, მოხდა სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირების, გარე განათების, მოსაცდელების, მილხიდების მოწყობა, ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია, სოფელი გაზიფიცირებულია და მიმდინარეობს გამრიცხველიანება. ყულიშკარში აშენდა 5 სოციალური სახლი და მოეწყო 1 „თბილი ოთახი“.

 მიმდინარეობს გამარჯვების უბანში საავტომობილო გზის და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

 ვიწყებთ სახარებავოს უბანში წყალმომარაგების სისტემის, ყულიშკარის ცენტრში კი - სავარჯიშო სივრცის მოწყობას. მოხდება წმინდა გიორგის ქუჩის პირველი  ჩიხის და აკაკი წერეთლის ქუჩის აღმართების რეაბილიტაცია. ვაპროექტებთ მესხიას ქუჩას. ასევე, ვგეგმავთ სკოლისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობას.

 ალერტკარში მოხდა გაზიფიცირება, გზა დაიგო სახასიოს უბანში, სრულად რეაბილიტირდა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოხდა ალერტკარის ცენტრიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის საფარის დაგება. ალერტკარში საჭიროა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა და შიდა გზების რეაბილიტაცია.

 სამივე სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, ვგეგმავთ მათზე ერთობლივ მუშაობას, მოსახლეობა თავად ჩაერთვება და განსაზღვრავს პრიორიტეტებს, შესაბამისად, მოხდება მისი განხორციელება“ - აცხადებს დავით კოდუა.