ჭიათურის მუნიციპალიტეტს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი ესტუმრა. ჭოუ ციენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გივი მოდებაძემ ელჩს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
დღესვე ჩინეთის ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კაცხის სვეტი და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობები დაათვალიერა.
„დიპლომატებთან ერთად დღეს ჭიათურაში პირველად ვიმყოფებით. უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ქართველები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჭიათურის მერთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში ჩვენი საუბარი ტურიზმის კუთხით თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის გაფართოებას შეეხო. ჭიათურას ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, ლამაზი და ძველი ქალაქია. ვიმედოვნებ, აქ კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა, მით უფრო, რომ პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლაა“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.
ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.