ყველას უნდა, მიწისქვეშა სამუშაოები და ზედაპირული სამუშაოები აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ 5-6 თვეში არჩევნები რომ ჩაივლის, ისევ არ გაჩერდება მაღარო, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„აი, ამ გარანტიებს ითხოვენ მაღაროელები და არა იმას, რომ მხოლოდ ერთი ინვესტორის მეორით ჩანაცვლებით, რეალურად, არაფერი შეიცვალოს. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ, რომ ერთი ინვესტორი, უფრო სწორად, ერთი მმართველი, ვინც სპეციალისტს უწოდებს თავის თავს, უნდა ჩანაცვლდეს მეორით და არსებითად არაფერი არ იცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ. ასევე, აქვთ გეგმა, რომ 3 600-კაციანი სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს 1 500-მდე, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ შიმშილს და სამუშაოების დაკარგვას თანამშრომლებში. ამას მოწმობს ის განცხადება, რა განცხადებაზეც ცდილობენ, ხელი მოაწერონ ყველას. ხელის მოწერა ხდება ძალდატანებით, დაშინებით და ამ დაშინებასა და ძალდატანებით მოქმედებს როგორც ადგილობრივი მერია, ასევე ჩართული არიან სოფლის გამგებლები, ადგილობრივი კომპანიის დირექტორები და ა.შ.“ – განაცხადა მიქაცაძემ.