ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვნახოთ, რა კონფიგურაცია შედგება, აუცილებლად შევთანხმდებით, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა და განმარტა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველასთან, გარდა გახარიას პარტიისა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციურ ფლანგზე, ისევე, როგორც კვლევაა ჩაშვებული. საბოლოოდ, კვლევის შედეგებიდან და მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, რაღაც კონფიგურაციაზე შევთანხმდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება კონფიგურაცია, რომელიც ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს საშუალებას არ მისცემს, ოპოზიციური ფლანგიდან წაიღოს ოპოზიციური ხმები და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამაზე ცალსახად შეთანხმებული ვართ, დანარჩენი მოლაპარაკებების საგანია. ვნახოთ, რა კონფიგურაცია შედგება. იცით, ჩემი და ჩვენი პრეფერენცია რაც არის, თუმცა არსებობენ სხვა პარტიები, რომლებსაც სხვა ხედვები აქვთ, მოლაპარაკების შინაარსიც ეს არის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. აუცილებლად შევთანხმდებით. სავარაუდოდ, ეს არც ისე შორეულ მომავალში იქნება. „ლელო“ არის ერთ-ერთი პარტია, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში, მასთან გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ ველაპარაკებით ყველას. გახარიასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, დანარჩენი [- ყველასთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთიანი სია ყველაზე სწორი ფორმულაა.
„ჩვენი აზრით, ერთიანი სია არის ყველაზე სწორი ფორმულა, მაგრამ, როგორც იცით, არსებობს განსხვავებული აზრები, არსებობენ პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის სწორი ფორმულა. ჯერჯერობით მოლაპარაკებებია, ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.