ნოემბერში ბრიუსელში 10 შეხვედრიდან 8-ში გვეუბნებოდნენ, რომ დასხედით „ოცნებასთან“ და იმუშავეთ ერთად, ახლაც 10 შეხვედრა გვქონდა და არავის მსგავსი არ გაუმეორებია - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებში მყარი რწმენა არ არსებობდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მზად ვართ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ აქციებმა თუ რამე გააკეთა არის, ის რომ ეს რწმენა გააჩინა.

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია. მე არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ნოემბრის და მარტის თვის შეხვედრებისგან განსხვავება იყო ის, რომ ნოემბერში 10 შეხვედრიდან 8-ში გვეუბნებოდნენ, რომ დასხედით „ქართულ ოცნებასთან“ და იმუშავეთ ერთად. ახლაც 10 შეხვედრა გვქონდა და არავის მსგავსი არ გაუმეორებია.

ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომ რომელიმე პუნქტი შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ და პირიქით პრობლემებს ელოდებიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.