ივანიშვილი მარტო იმ შემთხვევაში გამოდის სცენაზე, როდესაც ძალიან უჭირს, - ეს არის მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ერთი რამე მგონი, ყველასთვის და მათი ამომრჩევლისთვის ცხადია, რომ ივანიშვილი მარტო იმ შემთხვევაში გამოდის სცენაზე, როდესაც ძალიან უჭირს. შვიდჯერ თქვა უკვე წავედი პოლიტიკიდანო, დაიგინა, დაიფიცა, აღარ დავბრუნდებიო და ისევ გამოჩნდა და ისევ გასაცოდავებული სახით ხმებს ეხვეწება ხალხს. ეს ხდება მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან უჭირს, სხვა შემთხვევაში ეგ ადამიანი არც საჯარო სივრცისთვის არის გაჩენილი, არც საჯარო საუბრებისთვის, უკიდურეს დისკომფორტს განიცდის, კითხვა უჭირს პროტერიდან, აღარ არის საუბარი თავისუფალ ლაპარაკზე. წარმოუდგენლად ეზარება ამბროლაურში გადაფრენა, შუშაბანდის უკან დგომა, მაგრამ უწევს ამის გაკეთება, იმიტომ რომ არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ეს არის მთავარი ინდიკატორი, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ.