არაფერზე ხელი არ მომიწერია, დღეს გადააგზავნიან ალბათ სასამართლოში და მერე იქნება პროცესი, იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ, გირაოს შინაარსი არის ის, რომ არ გავიქცე ქვეყნიდან, არსად წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პროკურატურაში განაცხადა, სადაც მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიუსვლელობისთვის ბრალი წარედგინა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.

„პასპორტი შეიძლება ჩამომართვან, რადგან ბოლო ოთხი გასვლა დაემთხვა იმას, რომ რამდენი წავედი, ვიღაცები დაასანქცირეს, შეიძლება, ჩათვალონ, რომ ჩემი დამსახურებაა, არ არის ჩემი დამსახურება, არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ შეიძლება, ეს გააკეთონ. ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, არასდროს არსად არ მიცხოვრია, აქ ვაპირებ ცხოვრებას და აქ მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც იცხოვრონ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.