თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„არ მაქვს დისკუსიაში შესვლის სურვილი, თუმცა არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი ჩვენი ოპონენტების მხრიდან დღეს თბილისის საკრებულოში გაჟღერებულ განცხადებებს და მათ ქმედებას.
კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საბაბით, რომ თურმე ჩვენი კოლეგა ბატონი ირაკლი ეძგვერაძის მიმართ გლდანის რაიონში ხორციელდებოდა ძალადობა და თითქოს არ მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება.
მეგობრებო, ეს არის ტყუილი. კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე არ შემიძლია, ჩემს კოლეგა ლევან არველაძეს არ დავეთანხმო იმაში, რომ არ შეიძლება პირადი კონფლიქტების გადმოტანა ამ შენობაში და საჯარო განხილვა. ყველამ თავისი პირადი საკითხი მოაგვაროს ადგილზე, იქნება ეს უბანში, სამეზობლოში თუ სხვაგან.
ნაცმოძრაობას სურს საზოგადოებაში მორიგი არეულობის შემოტანა, რადგან მე მგონია, რომ ბოიკოტი უბრალოდ საბაბია, თორემ რეალურად ნაციონალური მოძრაობა, აპირებს მიხეილ სააკაშვილის სახელობის სახლმუზეუმში მისვლას, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს და იქ, სავარაუდოდ, ადგილზე აპირებენ, მის პიროვნებას თაყვანი სცენ. სწორედ ეს არის მოტივი ამ ყველაფრის. მე წარმატება მინდა, ვუსურვო მათ ამ დეგრადაციის გზაზე” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.